კარგა ხანია არც კი შემომიხედავს ჩემს ბლოგზე და მგონი საერთოდაც ლამის გადამავიწყდა ბლოგი რომ მაქვს. რამოდენიმეჯერ მქონდა სურვილი დამეწერა სხვადასხვა თემებზე, მაგრამ ვერ მოვახერხე, პირველ რიგში იმიტომ რომ მეზარება ხოლმე და მეორე მიზეზი ის არის რომ დროც აღარ მაქვს საკმარისი. ეს პოსტი არანაირად არ არის დაკავშირებული ტექნოლოგიებთან, ვაპირებ ჩემ ცხოვრებაში ბოლო დროს მომხდარ ცვლილებებზე დავწერო. ასე რომ თუ ვინმეს არ გაინტერესებთ პირადი ბლა ბლა, შეგიძლიათ გადახვიდეთ ენგაჯეტზე ან მისთანებზე.
მოკლედ რა შეიცვალა, შეიცვალა ის რომ უკვე მესამე თვეა საქართველოში აღარ ვარ. ვინც მიცნობს იმათ იციან ამის მიზეზი, ხოლო ვინც არ იცით იმათთვის დავწერ რომ საცხოვრებლად გადავედი კრაკოვში, თუმცა თავის მხრივ ამის მიზეზი ის იყო რომ ჩემდა საბედნიეროდ Google-ში დავიწყე მუშაობა.
გადმობარგება საკმაოდ უმტკივნეულო პროცესი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ორი ჩანთა რომელიც თან მომქონდა ჯამში 20 კილოზე მეტს იწონიდა და ტანსაცმლის გადალაგებ გადმოლაგება მომიწია, რომ დამატებით ყოველ კილოზე 20 ევრო არ გადამეხადა.
ჩამოსვლისთანავე დამხვდა ბინა, რომელშიც ერთი თვის მანძილზე უფასოდ შემეძლო ცხოვრება. ამ დროის განმავლობაში კი უნდა მეპოვნა ბინა სადაც უკვე ჩემი სახსრებით ვიცხოვრებდი. თუმცა საკმაოდ კარგი ბინა აღმოჩნდა, თან სამსახურიდან ფეხით მაქსიმუმ 15 წუთის დაშორებით, ამიტომ აქ დარჩენა გადავწყვიტე. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ იმ ხალხს შორის (ვინც ბინა ამირჩიეს) მიმოწერისას ვიღაცამ როგორც miss ისე მომიხსენია
, ამიტომ ცოტა ვარდისფერი ბინა შემხვდა, თუმცა მომწონს და თან პატარა უკანა ეზოც აქვს სადაც ზაფხულში მწვადის შეწვაც შეიძლება. ასე რომ დიდი მადლობა მას ვისაც გოგო ვეგონე.
რაც შეეხება თვითონ ქალაქ კრაკოვს, ისტორიული და საკმაოდ ლამაზი ქალაქია. სანახავი ბევრია თუმცა ჯერ არსად გავსულვარ ცივი ამინდების გამო. ქალაქს ცენტრში აქვს ძალიან დიდი მოედანი, რომელიც დღისით სულ ტურისტებით არის სავსე, ხოლო ღამით სტუდენტებით რომლებიც შედიან ან გამოდიან კლუბებიდან და ასევე მთვრალი ინგლისელებით. როგორც ამიხსნეს ინგლისელებს შაბათ-კვირას კრაკოვში ჩამოსვლა, გართობა/დათრობა და უკან წასვლა უფრო იაფი უჯდებათ ვიდრე იგივე ინგლისში. დაახლოებით ისეთი ვარიანტია ჩვენთან რომ იყო გამოთქმა: "რა დრო იყო 37 მანეთად მოსკოვში გადაფრინდებოდი, ლუდს დალევდი და გადმოფრინდებოდიო"
. ასევე დიდი შანსია მოედანზე წააწყდე სახე დასიებულ "ბომჟს" (ქართული შესატყვისი არ მახსენდება), რომელიც თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად, რუსულად და ალბათ უმრავლესობა გერმანულადაც. როგორც მითხრეს ამ მოედანზე მინიმუმ 300 ბარია სადაც ლუდის <3 დალევა შეიძლება და მეტი თუ არა ამდენივე მაინც კლუბი გართობის მოყვარულთათვის.
თვითონ ქვეყანას როგორც ვატყობ ჩვენზე ბიუროკრატიულია, აქაური პირადობის ნომრის ასაღებად საკმაოდ ბევრი საბუთების გამზადება დამჭირდა. თვითონ აქაურებსაც დიდი პროცედურის გავლა უწევთ ერთი ქალაქიდან საცხოვრებლად მეორეში გადასასვლელად. ასევე დღემდე ვერ გავიგე რა ოფიციალურ გადასახადებს ვუხდი სახელმწიფოს და რა მიზნით, თუმცა ჯამში დღგ. 30%-მდე გამოდის რაც საკმაოდ ბევრია. ასევე საკმაოდ ცუდია ფაქტია ის რომ სერვის ცენტრებში (მობილური ოპერატორების, ბანკების და ა.შ.) მომსახურება არის საკმაოდ ნელი და შენს წინ რიგში სულ ორი კაციც რომ იდგეს, დიდი შანსია რომ ერთ საათზე მეტი მოგიწევს ლოდინი სანამ შენი ჯერი დადგება.
ამ განსხვავებების მიუხედავად აქაურობასთან შეგუება არ გამჭირვებია, ამაში რათქმაუნდა ძაან დამეხმარა ის რომ ჩემთან ერთად აქ გადმოვიდა რაჭველა (ერთად დავიწყეთ მუშაობა Google-ში) და მისი მეუღლე თეო. თითქმის ყოველდღე ან ისინი არიან ჩემთან ან მე მათთან და დიიიდი მადლობა თეოს გემრიელი კერძებით გამასპინძლებისთვის :*. ასევე დამეხმარა ისიც რომ საბედნიეროდ მყავდა ორი აქაური ნაცნობი, რომლებსაც ჩამოსვლის პირველივე დღეებში შევხვდი და აღვადგინეთ ურთიერთობა. და რათქმაუნდა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ სამსახური გახდა ცხოვრების ნაწილი და არა პირიქით როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე და შენი თავისთვის ან უბრალოდ განტვირთვისთვის დრო არ გრჩება.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, სამსახურთან შეგუებაც არ გამჭირვებია, გუნდთანაც საკმაოდ კარგად შევედი კონტაქტში. და რაც მთავარია Java-სთან შეხება საერთოდ არ მაქვს
, ძირითადად ვწერ Python-ზე <3 და სავარაუდოდ მომავალში C++ იც დამჭირდება. ასევე მაქვს 20%-იანი პროექტის იდეა, რომლის პროტოტიპიც ნაწილობრივ უკვე მზად მაქვს. პირველი ორი კვირა მთლიანად კომპანიის შიდა პროცესების გაცნობში და თამაშში გავიდა. ამ ორი კვირის შემდეგ საქმე რათქმაუნდა მაქვს მაგრამ ძალიან დამღლელი არ არის, მითუმეტეს რომ ოფისში ბევრი რაღაცით შეიძლება განტვირთვა.
კიდევ ერთი ცლილება არის ის რომ, თბილისში ყოფნისას სამსახურის შემდეგ თუ სახლში მივდიოდი საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდი ჩემთვის საინტერესო ახალი ტექნოლოგიების გაცნობას და კოდის წერას. ახლა ეს მთლიანად შეიცვალა და სახლში კოდის წერის სურვილი საერთოდ აღარ მაქვს, სიახლეების წაკითხვაც მაკმაყოფილებს. ეს ალბათ იმიტომ რომ თვითონ სამსახურში მიწევს საკმაოდ ბევრი ახალი და რაც მთავარია საინტერესო რაღაცის გაცნობა.
არ ვიცი ნოსტალგიის ბუშტი რა დროის შემდეგ უსკდება ადამიანს, ალბათ უფრო ინდივიდუალურია ეს, მაგრამ მე ჯერ დიდად არ მაწუხებს. არის "სტანდარტული" რაღაცეები რაც მენატრება: როგორც ყველას რათქმაუნდა მეც მენატრება ოჯახი :S (იმათ უფრო მეტად ვენატრები დარწმუნებული ვარ), თუმცა თბილისში ცხოვრების დროსაც არ ვიყავი ხშირად მათთან. მინდება ხოლმე მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა და ამ სიტყვების დაწერისას ძაან მომინდა მირზაანის ქაბაბი
. და გიტარა რომელზე დაკვრისასაც სიმები არ მაწყდებოდა ხელში, მაგრამ ჩემს ჭიას ახარებდა.
რაც შეეხება უკან დაბრუნებას, ამაზე ფიქრი ჯერ ალბათ ადრეა, მაგრამ მომდევნო 3-4 წლის მანძილზე აქ ვაპირებ დარჩენას. ამის შემდეგ არ ვიცი, ალბათ სხვა ოფისში გადავალ სამუშაოდ.
არამგონია ვინმესთვის დიდად საინტერესო იყოს ეს პოსტი, მითუმეტეს რომ იმაზე მეტი დავწერე ვიდრე ვაპირებდი. თუმცა იყოს აქ, რაღაც დროის შემდეგ თვითონ გადავხედავ და გამახსენდება რა და როგორ იყო. იმედი მაქვს მომავალში პროგრამირებასთან დაკავშირებით აქ მიღებულ გამოცდილებაზე დავწერ, თუმცა ჯერ-ჯერობით ზუსტად არ ვიცი რისი დაწერის უფლება მაქვს და რისი არა.
დროებით.
